მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

7 დეკ, 2020

4 დეკემბრის #732 საქართველოს მთავრობის დადგენილებით “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” დამტკიცდა, რაც ნიშნავს, რომ ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება.

ეს ბოლო პერიოდის ერთერთი ყველაზე მასშტაბური მიღწევაა ღია საზოგადოების ფონდის ადვოკატირების საქმიანობაში, რაც თანაბრად აისახება ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირზე, გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს მათ სრულყოფილ და დამოუკიდებელ მონაწილეობას ყველა სფეროში.

დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ერთი წლის მანძილზე ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამამ ათეულობით შეხვედრა ჩაატარა შშმ პირებთან იმისათვის, რომ ზედმიწევნით აესახა მათი საჭიროებები ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“.

ფონდის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს რეალობას მოერგო საერთაშორისო სტანდარტი „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და მოწყობილობები“ (ICC A117.1-2017), რომელიც მოიცავს საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობების, სარეკრეაციო სივრცეების, ქუჩებისა და დამხმარე საშუალებების უნივერსალური მოხმარების კონცეფციას და ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების მრავალფეროვან საჭიროებებს.

შესაბამისად, რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები.

ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგლამენტში გათვალისწინებულია ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.

ერთწლიან სამუშაო პროცესში ინტენსიურად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი,  თბილისის მერიის წარმომადგენელი გიგა სოფრომაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შშმ პირები და ორგანიზაციები, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების და მისაწვდომი სტანდარტების ექსპერტები და გაეროს განვითარების ფონდის თანამშრომლები.