სოციალური მუშაობის განვითარება და გამოწვევები საქართველოში

30 აპრ, 2015

სოციალური მუშაობა არც თუ ისე ახალი, მაგრამ ნაკლებად განვითარებული სფეროა საქართველოში. ეს არის პროფესია, რომლის მიზანია მოქალაქეებისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.

მრავალ განვითარებულ ქვეყანაში სოციალური მუშაკები თავიანთი სოციალური აქტივობით სერიოზულ გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკაზე და გვევლინებიან რეფორმატორებად და სოციალური ცვლილებების ინიციატორებად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოციალური მუშაობა ახალგაზრდა დარგია, იგი არაერთი წარმატებული რეფორმის განუყოფელი ნაწილი და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი წამყვანი ბერკეტია. სწორედ სოციალურ მუშაკთა მიერ, უპირველეს ყოვლისა, განხორციელდა ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის, იგივე დეინსტიტუციონალიზაციის, რეფორმა, რომლის წყალობითაც საქართველო მთელ რეგიონში მისაბაძ მაგალითად იქცა და რომელიც, ბოლო პერიოდში ევროპსაბჭოშიც იყო ნახსენები. სოციალური მუშაობის დამკვიდრებას და განვითარებას უკავშირდება ასევე მიმდინარე რეფორმა პენიტენციურ სისტემაში და ამ სისტემის ჰუმანიზაციის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯები.

საქართველოში სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 10 წელია არსებობს. 10 წლის თავზე, ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა, სადაც სოციალური მუშაობის განვითარებასა და გამოწვევებზე იმსჯელეს მთავრობის, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კავკასიიდან. კონფერენცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დახმარებით ჩატარდა.

ღონისძიების დღის წესრიგი შედგებოდა პლენარული სესიისა და სამი პარალელური სესიისგან. პლენარული სესიის ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის როლი სოციალური მუშაობის პროფესიის გაძლიერებაში და სოციალური მუშაობის სფეროს გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სოციალურმუშაკთა ასოციაციებს შორის.

სესიები დაეთმო სოციალურ მუშაობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შეზღუდული შესაძლებლობების სფეროებში,  სოციალურ მუშაობის განხილვას ბავშვთა კეთილდღეობისა და არასრულწლოვანთა სამართლის სისტემებში და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას- მოხსენებები გააკეთეს სოციალურ მუშაკთა ასოციაციების წარმომადგენლებმა თურქეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან და პორტუგალიიდან.

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ როლი სოციალური მუშაობის გაძლიერებაში განათლების პროგრამებით დაიწყო. ფონდის სოციალური მუშაობის სასტიპენდიო პროგრამამ დააფინანსა პირველი მაგისტრები სოციალური მუშაობის სფეროში. 2000-დან 2011 წლამდე საქართველოში 25-ზე მეტმა ქართველმა მიიღო მაგისტრის ხარისხი აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებულმა სტუდენტებმა დაიწყეს სოციალური მუშაობის სწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში, დაარსეს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომელიც წელს 10 წლის გახდა.

ფონდის დახმარებით 2007 წელს შეიქმნა პირველი აკადემიური პროგრამა სოციალური მუშაკებისთვის, რომელიც დღემდე ილიას უნივერსიტეტში წარმატებით მუშაობს.

ფონდის დახმარებით ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა სოციალური მუშაობის განვითარებაზე.