სოციალური საბინაო ფონდის პერსპექტივა საქართველოში

15.11.2021

„სოციალური საბინაო ფონდის შექმნის მექანიზმები“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევაა, რომელიც უსახლკაროთათვის სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფის-საბინაო ფონდის საკანონმდებლო მოწესრიგების კონცეფციას გვთავაზობს.  კვლევის პრეზენტაცია 17 ნოემბერზე, ონლაინ წარედგინა საზოგადოებას.

კვლევის ავტორის, თსუ-ს პროფესორის კობა ყალიჩავას თქმით

„საბინაო ფონდის არსებობისთვის აუცილებელია სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს  ფონდის შექმნისა და განკარგვის საკანონმდებლო მოწესრიგების მოდელს. კონცეფციის ფარგლებში შეიქმნება როგორც სპეციალური საკანონმდებლო აქტის მოკლე კონცეფცია, ისე მომიჯნავე კანონებში ცვლილების წინადადებები.“

ბოლო პერიოდში უსახლკაროთა საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამას განაპირობებს უსახლკარობის გამომწვევი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავარიული საბინაო ფონდი, საბანკო სესხების სანაცვლოდ, ერთადერთი საცხოვრისის უზრუნველყოფა, ლუდომანიისა და ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების მხარდამჭერი სისტემების არ არსებობისა და  სხვა მიზეზების გამო  ბინების მასობრივი დაკარგვა და ა.შ.

აღნიშნული პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზა საბინაო პოლიტიკის შექმნა და მის ფარგლებში  ხელმისაწვდომი სოციალური საბინაო ფონდის გათვალისწინებაა, თუმცა, აქამდე ვერ მოხერხდა სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი ქმედითი სამართლებრივი ბაზის შექმნა,  რაც თანხვედრაში იქნებოდა ქვეყნის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან- სოციალური  სახელმწიფოს პრინციპთან.საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პრობლემის მოგვარება და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება, მათ შორის, მდგრადი საბინაო ფონდის გარეშე შეუძლებელია.

კვლევაში ავტორი გვთავაზობს სოციალური საბინაო ფონდის შექმნის სამართლებრივი მოწესრიგების კონცეფციას. კვლევაში გაცემულია პასუხი  შემდეგ კითხვებზე: რატომ არის საჭირო სპეციალური მომწესრიგებელი კანონის მიღება და რომელი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება აუცილებელი; ვინ არის სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფი; რა არის სოციალური საბინაო ფონდის უპირატესობები და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგები; ასევე, რა ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული ბენეფიციარების დასაცავად.

კვლევაში ავტორი გვთავაზობს  საბინაო ფონდის შექმნის ყველაზე ხშირად გამოყენებულ გზებსა და მექანიზმებს. დოკუმენტში, ასევე, განხილულია ამ მექანიზმების იერარქიის პრინციპი, რომლის შესაბამისად, არ შეიძლება სისტემა დამოკიდებული იყოს,  უპირატესად მხოლოდ ერთი ტიპის სერვისზე (მაგალითად ქირის სერვისზე) , რადგან ასეთი მიდგომა არ ხასიათდება სტაბილურობით და მაცხოვრებლისთვის არ ქმნის სიმშვიდის განცდას. საბოლოო ჯამში კი  ვერ აკმაყოფილებს ღირსეული ცხოვრების სტანდარტს.

დღესდღეობით, საქართველოში უსახლკაროთა უზრუნველყოფის სტრატეგია ან ხედვა არ არსებობს. უცნობია უსახლკაროთა ზუსტი სტატისტიკაც. იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდა, სახელმწიფომ, სხვადასხვა მიზეზით, ჭერის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დანახვა და დათვლა დღემდე ვერ მოახერხა, რაც თავადვე აღიარებული აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შინაარსში.


ამ თემის მედიაგაშუქება

ანანო ცინცაბაძე – “ამ პოლიტიკურ კრიზისებს შორის იკარგება ისეთი სოციალური პრობლემა, როგორიცაა უსახლკარობა” – რადიო თავისუფლება, 18/11/2021

 

კობა ყალიჩავა – “სახელმწიფოს ფუნქციაა საბინაო ფონდის შექმნა, მაგრამ ის მას თავად ვერ შექმნის” – რადიო თავისუფლება, 18/11/2021

 

კობა ყალიჩავა – სოციალური საბინაო ფონდის შექმნის მექანიზმებზე, ევრონიუსის, ახალი ამბების ეთერში, 17/11/2021

 

 

ანანო ცინცაბაძე – რადიო ფორტუნა, კვირის თემა, 18/11/2021

 

ავარიული საბინაო ფონდის გამოწვევები თბილისის ისტორიულ ნაწილში – ნეტგაზეთი.ჯი, 29/01/2021

სიახლეები

მულტიმედია