სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების მექანიზმი

5 დეკ, 2016

უკვე ორი წელია საქართველო „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროსაბჭოს კონვენციის, იგივე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პროცესშია. ჭიანურდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის დაჩქარება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

5 დეკემბერს, კოალიცია „თანასწორობისათვის” ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები სწორედ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხს განიხილავდნენ, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.

 

ე.წ სტამბოლის კონვენცია მიღებულ  იქნა ქ. სტამბულში 2011 წლის 7 მაისს.  კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახური დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია  ევროპის საბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.

2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ხელი მოეწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა რატიფიცირება კონვენციასთან, ამისათვის, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი შესაბამისობაში  მოყვანა კონვენციასთან. შესაბამისად, 2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა. მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო აქტიურად იყო ჩართული „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის  შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიკაციისთვის აუცილებელი ძირითადი სამუშაოს მომზადების პროცესში. საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მოსამზადებელი ჯგუფი.  ჯგუფის მიერ გაანალიზებულ იქნა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საუწყებათაშორისო საბჭომ ასევე განახორციელა სამუშაო შესაბამისი სამინისტროების მიერ კონვენციის ხელმოწერის მიზანშეწონილობის დადასტურების ხელშეწყობისთვის. საბჭოს ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონვენციის ხელმოწერასთან დაკავშირებით, რის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გააკეთა 2013 წელს ქ. ნიუ იორკში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (Commission on the Status of Women) 57-ე სესიაზე.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის უკვე, არა მარტო ოჯახში ძალადობას, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, ვერ მოხერხდა  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება და შესაბამისად, საქართველოს არ მოუხდენია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის გარდა, სტამბოლის კონვენცია ლგბტ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებსაც არეგულირებს.