თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა

31.10.2014

31 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი წარმოადგენს პროექტის „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ერთიანი ინფორმაციული ჩარჩოს მომზადება და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაფუძნების ხელშეწყობა“ შედეგებს.

პროექტი „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ერთიანი ინფორმაციული ჩარჩოს მომზადება და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაფუძნების ხელშეწყობა“ ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ უმაღლესი განათლების პროგრამის დაფინანსებით 2014 წლის მაისიდან.

პროექტი მიზნად ისახავდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  მენეჯმენტის რეფორმის ხელშეწყობას, თსუ-ს ადმინისტრაციული მენეჯმენტის მოდერნიზაციის, ერთიანი ინფორმაციული მენჯმენტის პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის გზით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აგრეთვე იყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის/ერთეულის შექმნის პროცესების ხელშეწყობა, რაც მოიცავდა მისი სტრუქტურის შეფასების, თანამშრომლების სამუშაო აღწერილობისა და განსახორციელებელი მოსამზადებელი აქტივობების განსაზღვრასა და დაგეგმვას, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში თსუ-ში ამერიკის უნივერსტიტეტების ადმინისტრატორებისა და მისაღები პროცედურების ხელმძღვანელთა ასოციაციის ექსპერტების მონაწილეობით (AACRAO consulting) განხორციელებული კვლევის ანგარიშის ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს მთლიანი ინფორმაციული მენეჯმენტის სისტემის ანალიზს, განსახორციელებელი ცვლილებების მიმართულებებს და ჩამონათვალს, რეფორმის განხორციელების კონკრეტულ გზებსა და აქტივობებს.

შეხვედრაზე სხვადასხვა დასავლური უნივერსიტეტის მაგალითზე განხილული იქნება უმაღლეს სასწავლებელში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის/სამსახურის/აპარატის ერთეულის ფუნქციის, სტრუქტურისა და თეორიული ხარჯთაღრიცხვის საკითხები, უნივერსიტეტების ინსტიტუციური კვლევის ერთეულის დანიშნულების საკითხი.