უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები

20.02.2015

 

                                                             

2015 წლის 17 თებერვალს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები ბათუმისა და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარებული კვლევის “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები” შედეგებს წარუდგენენ დაინტერესებულ საზოგადოებას. მე-12 კლასელებისა და პირველ კურსელების მშობლებთან, სკოლის მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლებთან გაიმართება დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

  • რატომ არ არის საკმარისი სკოლაში მიღებული ცოდნა საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად?
  • რატომ არის სკოლაში მიღებული ცოდნა უფრო საკმარისი საატესტატო ვიდრე ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად?
  • რა ღირს მოსწავლის მომზადება კერძო მასწავლებელთან ერთი თვე ეროვნული გამოცდების საგნებში და რამდენი თვეა საკმარისი მოსამზადებლად?
  • როგორ ფარავენ ოჯახები მომზადების ხარჯებს?
  • რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ იყოს საჭირო კერძო მასწავლებელთან მომზადება?

“უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები”-ს კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის დადგენა, ასევე მისი ხელისშემშლელი პირობების და მათი გადალახვის გზების იდენტიფიცირება. ამ მიზნით გამოკითხულ იქნა 989 მოსწავლე თბილისსა და რეგიონებში, 200 მოსწავლე მარნეულის, 200 მოსწავლე ახალქალაქის რაიონებში და 731 სტუდენტი  5 საუნივერსიტეტო ქალაქში.

გამოკითხვის შედეგებმა ცხადყვეს უმაღლესი განათლების მიღების დიდი სურვილი. უმრავლესობა აპირებს სწავლის გაგრძელებას. ეს განზრახვა უფრო ნაკლებად არის გამოხატული მარნეულისა და ახალქალაქის რაიონებში.

ცხრილი 1. განათლების გაგრძელების სურვილი

მთლიანად საქართველომარნეულიახალქალაქი
უმაღლესში სწავლა86.7%57.1%57.0%
პროფსასწავლებელში სწავლა3.9%9.9%12.9%
სწავლის გაგრძელება სულ90.6%67.0%69.9%

ისინი ვინც არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, ამის მიზეზად ყველაზე ხშირად ასახელებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას-უმაღლესში სწავლის საფასურის გადახდის შეუძლებლობა (8.3%, 21.6% და 8.6%), საგამოცდო საგნებში მომზადების შეუძლებლობა (4.4%, 12.6% და 3.2%), და ცოდნის სიმცირეს (3.7%, 13.1% და 3.2% მთლიანად საქართველოში, მარნეულში და ახალქალაქში შესაბამისად). უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა არ იძლევა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესაძლებლობას. ასევე დიდია მათი წილი ვინც ფიქრობს, რომ სკოლის ცოდნა საკმარისი არ არის საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად.

დისკუსიები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.დისკუსიის მონაწილეთა შეხედულებები აისახება პროექტის საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებში. კვლევის საბოლოო ვერსია განთავსდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსა” და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს მხარდაჭერით.