ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები

12 მარ, 2021

დღეს ქალაქების მართვისას საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული მმართველობის თანმდევ პროცესად მიიჩნევა. ფართოდ არის აღიარებული, რომ ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მდგრადი, სამართლიანი და თანასწორი ქალაქების ფორმირებას უწყობს ხელს. საქართველოს ქალაქების გამოცდილებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ურბანული მართვისა და განვითარების პროცესი ხშირად მოქალაქეებისგან გამიჯნულად მიმდინარეობს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები ურბანულ განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი სავალდებულო მექანიზმია. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული „ურბანული კვლევების ცენტრის“ ახალი კვლევა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკას შეისწავლის.  დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევები, საერთაშორისო პრაქტიკა და შესაძლებლობები.

კვლევის შედეგები და 5 წლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქალაქ თბილისის გამგეობებში საბჭოების საქმიანობის ხარვეზები გამოწვეულია მოსახლეობის არაინფორმირებულობით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ რეკომენდაციების სუსტი ლეგიტიმაციით, გამგეობასა და საბჭოს შორის კომუნიკაციის ხარვეზებით. საბჭო სათათბირო ორგანოა და მისი რეკომენდაციების მიმართ გამგეობისა და მერიის მხრიდან ღიაობა საბჭოს, როგორც თანამონაწილეობითი მექანიზმის, ფუნქციის აღსრულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოქალაქეების ნაწილი საუბნო გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვის შესაძლებლობას მოკლებულია, რადგან რიგ გამგეობებში, მიუხედავად საბჭოების შექმნის ვალდებულებისა, ისინი საერთოდ არ შექმნილა. ამასთან, მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებულ და ეფექტიან ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ფრაგმენტულად მიმდინარეობს საბჭოების ფუნქციების, შესაძლებლობების შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიები, სისტემატურად არ ახლდება ინფორმაცია გამგეობების ვებგვერდებზე და არასრულია სოციალურ ქსელებში განთავსებული სიახლეები საბჭოების შესახებ. ინფორმირებულობასთან ერთად, პრობლემურია საბჭოს ფუნქციონირების დაბალი ეფექტიანობაც. რაც, პირველ რიგში, საბჭოს შეხვედრების დაბალი სიხშირით, არარეგულარული და ფორმალური ხასიათით გამოიხატება. ხშირად, საბჭოს წევრებს სხდომებზე არ აქვთ საკუთარი ინიციატივების წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობა. მცირეა იმ პრობლემური საკითხების ჩამონათვალი, რომელზე გავლენის შესაძლებლობაც მოქალაქეებს აქვთ. არ არის განსაზღვრული რეკომენდაციების აღსრულების პროცესი, ის თუ, რა ტიპის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს განიხილავს ან ითვალისწინებს გამგებელი.

მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა საკითხით დაინტერესებისა და საბჭოს მიმართ არსებული მოლოდინის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ მექანიზმის ფართო შესაძლებლობებზეც. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ფორმალურად ძალაუფლება არ გააჩნია, შეხვედრებზე წარმოდგენილი მოსაზრებები გამგეობისთვისა და ქალაქის მერიისთვის ძალიან ფასეულია. საბჭოს წევრებს აქვთ ის „ცოდნა“ და „გამოცდილება“, რაც შეიძლება არ ჰქონდეთ ექსპერტებს, საჯარო მოხელეებს. საბჭოს არსებობა საზოგადოების განწყობებზე მუდმივი დაკვირვების შესაძლებლობას ქმნის.

მოსახლეობის მონაწილეობისთვის კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაა. მრავალ ქვეყანაში, მოქმედებს სპეციალური კანონები, რომლებიც მექანიზმების შემუშავების ვალდებულებასა და გაწერილ პროცედურებს, ასევე საზოგადოების ინფორმირებას უსვამს ხაზს. დაგეგმვის პროცესში ჩართვის სიხშირე კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საბჭოების ფუნქციონირების ეფექტურობაზე. მოქალაქეთა ჯგუფების ერთობლივ მუშაობას ქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით სასურველია ციკლური ხასიათი ჰქონდეს, რათა მათთვის შეთვისებადი გახდეს ამ ტიპის „ქცევა“ და, ინსტიტუციონალური მექანიზმების განვითარებასთან ერთად, მოქალაქეების მონაწილეობის ხარისხი და ეფექტიანობაც გაუმჯობესდეს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესაძლებლობის განვითარებისთვის შეიძლება შეიქმნას პროგრამული დაფინანსება ევროპის ქალაქების, მაგალითად ქალაქ მანჰაიმის მსგავსად, ან ვენის მაგალითზე მოხდეს სხვადასხვა ტექნოლოგიური და ინოვაციური მეთოდის გამოყენებით თანამონაწილეობის მექანიზმით საზოგადოების დაინტერესება. პანდემიის კონტექსტში კვლავ აქტუალური გახდა მსოფლიოში SMART მიდგომების („ჭკვიანი” ქალაქის ელემენტების) დანერგვა ქალაქების მართვასა და დაგეგმარებაში. ასეთი სიახლეები შეიძლება კომბინირდებოდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან და შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ციფრული პლატფორმების შექმნაში (მობილური აპლიკაციები, ინტერაქტიული ვებ-გვერდი, ინტერაქტიული რუკა). ურბანულ დაგეგმვა-დაგეგმარებაში მოქალაქეთა ჩართულობის მცირე და წარუმატებელი გამოცდილების გათვალისწინებით, პრიორიტეტული უნდა იყოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც მექანიზმის, ფუნქციური დახვეწა და განვითარება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მოქალაქეების მონაწილეობის პრაქტიკის გამტკიცებაში. აღნიშნული მიდგომები მართვა-დაგეგმარების სხვა სფეროებში გაზიარდება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანასწორი ცხოვრების უზრუნველყოფისკენ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეუწყობს ხელს.