ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას. აღნიშნული პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას.
გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტს წარუდგინეს დეტალური ხედვა და საჯაროდ უპასუხეს დეპუტატებისა თუ დაინტერესებული ჯგუფების შეკითხვებს. ამ კანდიდატების დაუსაბუთებლად უკუგდება, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე — გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.
მაშინ როდესაც, საქართველოს პარლამენტში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო რუსული კანონპროექტები, რაც ცხადად გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოების დაყოფას იწვევს, მიგვაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს ამ კანონპროექტის მიღების ხელშეშლა, ხოლო სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევა.
ხელმომწერები: