ანალიტიკურ სექციაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის მოსაზრებას. ამიტომ, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. ფონდის ოფიციალური პოზიცია გამოხატულია განცხადებებში.
წარმოვიდგინოთ73 წლის პაციენტი, რომელსაც უეცრად გულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი დაემართა.
სასწრაფო დახმარებამ ის თბილისის ერთ-ერთ წარმატებულ კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტის ოჯახს ფინანსურად არ უჭირს და სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდაც შეუძლია. მათთვის მთავარია მამის ჯანმრთელობა. მდგომარეობის შესაფასებლად, პაციენტს კორონაროგრაფია ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას კარდიოქირურგიული, ე.წ. „შუნტირების“ ოპერაცია სჭირდება. თუმცა, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ოპერაცია გეგმიურად უნდა ჩატარდეს. ახალი წლები მოდის. პაციენტს და ოჯახის წევრებს ურჩევნიათ, რომ ოპერაცია მალევე დაინიშნოს – „გულია მაინც. როდის რა მოგივა, არ იცი.“ კლინიკის მენეჯმენტი და წამყვანი კარდიოქირურგი პაციენტს ურჩევს, რომ ოპერაცია გადადოს, რადგან ძალაში შევიდა #520 დადგენილება; დაიწყო ახალი რეფორმა; ახლა, „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“, რის გამოც, კლინიკების უმეტესობას შეჩერებული აქვთ გეგმიური ოპერაციები და გამონაკლის შემთხვევაში მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს აკეთებენ. პაციენტის ოჯახს #520 დადგენილების შესახებ არ სმენია; იციან, რომ მეზობელმა ანალოგიური ოპერაცია ამ ზაფხულს იმავე კლინიკაში გაიკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თანაგადახდის პრინციპით მეზობლის ოჯახმა გარკვეული თანხა დაამატა ოპერაციის საფასურს. იმავეს ითხოვს 73 წლის პაციენტის ოჯახიც, მაგრამ ამაოდ.
რა მიზანი აქვს ჯანდაცვის ზემოხსენებულ რეფორმას? ვისზეა მორგებული და რას მოიცავს ეს რეფორმა?
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეფორმის მიზანი ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაა, რომელსაც საფუძვლად ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა უდევს. რეფორმის ახალი ტალღა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2011-წლიდან 2018 წლის ჩათვლით, კლინიკების რაოდენობა 229-დან 272-მდე გაიზარდა.[1] ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ხშირად, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნებოდა. სახელმწიფოს როგორც შემსყიდველის ინტერესი კი ერთადერთია – შეზღუდოს მზარდი დანახარჯი ჯანდაცვის სექტორში. სახელმწიფომ სწორედ ყოველწიურად მზარდი ხარჯების შეკავება გადაწყვიტა სერვისების ტარიფების გათანაბრებით.
სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რეგულაციები გაზრდის სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობას მთელ ქვეყანაში. კერძოდ, როდესაც ტარიფების გათანაბრების შედეგად განისაზღვრება ნოზოლოგიის (დაავადების) ფასის ჭერი, პაციენტისათვის გასაგები გახდება ამა თუ იმ მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსურ ვალდებულებები. შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ფასები აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საკმაოდ სოლიდური თანხების დაზოგვას აპირებს ამ რეფორმის შედეგად.
მიუხედავად მცდელობისა, დადებითად შეფასდეს დაფინანსების ახალი სისტემა, ამ რეგულაციებს გაცილებით უფრო დიდი უარყოფითი ეფექტი ექნება ჯანდაცვის სისტემასა და მომხმარებელზე, ვიდრე დადებითი.
კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, სერვისების ფასი რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია, რაც კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის მიუღებელია. კერძო მიმწოდებლები სამართლიანი და ადეკვატური ტარიფების დაწესებას მოითხოვენ, ხოლო ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასთან მათთვის დაუშვებელია. არაადეკვატური ტარიფები საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებას. ნიშანდობლივია, რომ რეფორმა სწორედ მედიცინის ყველაზე უფრო მაღალტექნოლოგიურ და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებს შეეხო, მაგალითად, რეანიმაციულ მომსახურებას, კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიასა და არითმოლოგიას.
რაც მთავარია, ეს რეფორმა საფრთხეს, პირველ რიგში, პაციენტებს უქმნის. ისინი საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ ზოგიერთი სერვისით. ზოგიერთ სერვისზე კი, მათ მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ წვდომა, ვინაიდან აღნიშნული რეფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცალკეული სამედიცინო მიმართულებების არსებობას საქართველოში.
რეფორმის ძალაში შესვლიდან თითქმის ერთი თვის თავზე, კლინიკები, ფაქტობრივად, ხაფანგში გაბმულები აღმოჩნდნენ. მათ მოუწევთ, რომ ან დაეთანხმონ შემოთავაზებულ ტარიფებს და ნაკლებ ფასად უხარისხო ოპერაციები გააკეთონ, ან კონკრეტული სერვისები უნდა გააუქმონ, ანდა დატოვონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ხშირ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ერთადერთი გადამხდელია. ამიტომაც კლინიკებს სახელმწიფო პროგრამის გარეშე ბაზარზე დამოუკიდებლად არსებობა გაუჭირდებათ. საფუძვლიანია მოსაზრება, რომ ახალი რეგულაციით თანხების დაზოგვა მოხდება, თუმცა, შედეგად, კატასტროფულად დავარდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დაიხურება მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები და ზოგიერთ რეგიონში ჯანდაცვის სერვისები საერთოდ აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
ამ ყველაფრის ფონზე კი ისმის კითხვა – ვის იცავს ჯანდაცვის ახალი რეფორმა? ანდა უმჯობესი იქნება, თუკი ვიკითხავდით: ვინ უნდა დაიცვას ჯანდაცვის ახალმა რეფორმამ?
ჯანდაცვის რეფორმამ უნდა დაიცვას ის პაციენტი, ვისაც უეცრად მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა და გულის კორონარული შუნტირება სჭირდება გეგმიურად; ჯანდაცვის რეფორმამ უნდა დაიცვას ის პაციენტები, რომელთაც ინტენსიური მოვლა სჭირდებათ რთული ოპერაციის შემდეგ. ჯანდაცვის რეფორმამ უნდა დაგვიცვას ჩვენ, ვინც არ ვიცით ხვალ ვინ და როგორ გვიმკურნალებს, როდესაც სტაციონარში მოვხვდებით. რეფორმამ უნდა დაიცვას ის მოქალაქეები და პოტენციური პაციენტები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ჯანდაცვაში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესება, სამედიცინო სერვისის სტანდარტიზაცია და დაფინანსებისა და მონიტორინგის მექანიზმები.
პაციენტს არ აინტერესებს შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების, ხარჯების შეკავების სხვადასხვა მეთოდების დანერგვა ჯანდაცვის სისტემაში და ა.შ. მან იცის, რომ იმსახურებს უკეთეს ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კი მნიშვნელოვანია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მატება, კონკრეტული დაავადებისაგან სიკვდილიანობის და ავადობის შემცირება და პაციენტის უფლებების დაცვა.
ფაქტია, რომ ჯანდაცვის რეფორმა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს პაციენტების წინაშეა. რამდენად „ერთობლივი და სწორი ნაბიჯებია“ მიმდინარე რეფორმა ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე როგორ მოიქცეს პაციენტი? რა ქნას ოჯახმა? გულია მაინც … საოპერაციო მაგიდაზეც და ცხოვრებაშიც. არასდროს იცი, როდის რა მოხდება.
ნინო მირზიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი
[1] ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი 2018, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ამავე თემაზე:
ჯანდაცვის კოალიციის ღია პოზიცია განცხადება ჯანდაცვის დაფინანსების რეგულირების შესახებ