ზეგანაკვეთური შრომის კალკულატორი სოციალური მუშაკებისთვის

31 ოქტ, 2023

ზეგანაკვეთური შრომის კალკულატორი სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ეს ახალი ინსტრუმენტი „ღირსეული შრომის პლატფორმის“ ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდისა და Human Rights Watch-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

კალკულატორი სოცმუშაკებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე, ზეგანაკვეთურ შრომაზეა კონცენტრირებული:

  • რამდენიმე კითხვაზე გაცემული პასუხების საფუძველზე, სოცმუშაკის სამუშაო საათებისა და დასაქმების პირობების გათვალისწინებით, კალკულატორი აფასებს, მუშაობს თუ არა სოციალური მუშაკი ზეგანაკვეთურად.
  • იმ შემთხვევაში, თუ სოცმუშაკი ზეგანაკვეთურად მუშაობს, კალკულატორი ადგენს, არის თუ არა ეს შრომა მასთან შეთანხმებული.
  • ხელსაწყო განსაზღვრავს, არის თუ არა სოცმუშაკის ანაზღაურება გაწეული შრომისა და კანონმდებლობის შესაბამისი.

შრომის უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კალკულატორი სოციალურ მუშაკს კონსულტაციისთვის „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან“ და პარტნიორ იურისტებთან ამისამართებს.

„ზეგანაკვეთური შრომის კალკულატორი“ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის ინსტრუმენტია. კალკულატორი მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების, როგორც უმნიშვნელოვანესი პროფესიის ადამიანების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ გაძლიერებას.