საქართველოში დედობისა და მშობლის შვებულების ანაზღაურების არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა პრობლემურია. არსებულ გამოწვევებსა და შვებულების უფლების მიღმა დარჩენილ დასაქმებულთათვის მტკივნეულ საკითხებს ეხება კვლევა, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. შემუშავებული სარეფორმო ხედვა ასევე მოიცავს დედობისა და მშობლის შვებულების მოდელის ცვლილების აუცილებლობასა და მის შესაძლო პერსპექტივებს.
კვლევა მიზნად ისახავს, შეაფასოს დედობისა და მშობლის შვებულების ანაზღაურების არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა. აღნიშნული კვლევა ეფუძნება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის, არამედ საჯარო მოსამსახურე და კერძო სექტორში დასაქმებული ქალების გამოცდილებების შესწავლასაც.
კვლევა ასევე შეისწავლის იმ თვითდასაქმებული და არასტანდარტულად მშრომელების საკითხს, რომლებიც ბავშვის შეძენის შემთხვევაში მინიმალურ მხარდაჭერასაც ვერ იღებენ. კვლევის მიზანია, რომ შვებულების ბაზისური სტანდარტის არასტანდარტულად მშრომელ და თვითდასაქმებულ ქალებზე გავრცელების აუცილებლობა ამ ქალების გამოცდილებების მაგალითზე წარმოაჩინოს.
ღია საზოგადოების ფონდში გამართულ საჯარო დისკუსიაზე, ძირითადი მიგნებები კვლევის ავტორმა ლინა ღვინიანიძემ წარადგინა. დისკუსიაში, რომელსაც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბაძე უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს ნანი ბენდელიანმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებში და თამარ ცანავამ, საჯარო სკოლის მასწავლებელთა თვითორგანიზებული ჯგუფის წევრმა.
კვლევის ძირითადი დასკვნები
- დედობის და მშობლის შვებულების კერძო სექტორში მოქმედი მოდელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის დირექტივების მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. დედობის და მშობლის შვებულების მიზანია, ქალმა შეძლოს საკუთარი თავისთვის და ახალშობილისთვის ჯანმრთელობის და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ქალების და ბავშვების დაცვის ამ მინიმალურ მიზანს ვერ პასუხობს.
- დედობის და მშობლის შვებულების კერძო სექტორისთვის დადგენილი ანაზღაურების ოდენობა უკიდურესად მწირია. საერთაშორისო სტანდარტი დედობის შვებულების ანაზღაურების მინიმუმად ქალის შემოსავლის ორ მესამედს ადგენს. დღეს დედობის და მშობლის შვებულების ანაზღაურება მაქსიმუმ 2000 ლარს შეადგენს 6 თვის მანძილზე, რაც თვეში 333 ლარია.
- დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო მოსამსახურე ქალებს და საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი შვებულებით (დედობის და მშობლობის), რაც მინიმალურზე მაღალ სტანდარტს გულისხმობს და კარგი პრაქტიკაა. თუმცა, ის ქალების მხოლოდ მცირე ჯგუფისთვისაა განკუთვნილი, რაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
- დედობის და მშობლის შვებულების ანაზღაურების წესი განსხვავებულია საჯარო მოხელეს, საჯარო სკოლის მასწავლებლისა და კერძო სექტორში დასაქმებული ქალების შემთხვევაში. ეს ცხადად დისკრიმინაციული მიდგომაა და, ქალების სოციალურ დაცვაზე თანასწორი მისაწვდომობის ნაცვლად, თავად აღრმავებს უთანასწორობას ქალებს შორის;
- საქართველოში კაცები ვერ სარგებლობენ მამობის შვებულებით, რადგან ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული შვებულება მამებისთვის კანონით აღიარებული არ არის. შვებულების მიზანია, მამამ უშუალოდ ბავშვის დაბადების პერიოდში შეძლოს ბავშვზე ზრუნვაში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს ზრუნვის შრომის ორივე მშობელზე გადანაწილებას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მამობის შვებულება მინიმუმ 2 კვირას (10 დღეს) გრძელდება და ანაზღაურებადია.
- მშობლის შვებულება დედობის და მამობის შვებულებისგან დამოუკიდებლად არსებული უფლებაა, რომელიც შესაძლებელია მშობლებმა ბავშვზე ზრუნვისთვის დამატებით გამოიყენონ. საქართველოში მშობლის შვებულების 2 თვიანი პერიოდია (57 დღე) ანაზღაურებადი, რაც ანაზღაურებადი 6 თვიანი პერიოდის ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ მამებსაც შეუძლიათ მისით სარგებლობა, როგორც წესი მისით დედები სარგებლობენ. ამ ანაზღაურებადი პერიოდის დედის მიერ გამოყენების შემთხვევაში, მისით ვეღარ ისარგებლებს მამა. ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, მშობლის შვებულების ანაზღაურება მინიმუმ 4 თვე უნდა გრძელდებოდეს და მისი ნახევარი (2 თვე) მხოლოდ მამისთვის/პარტნიორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, რაც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბავშვზე ზრუნვის შრომის განაწილებას და ქალების სამუშაო ბაზარზე დაბრუნებას.
- დედობის და მშობლის შვებულება მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე ვრცელდება და მისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით. ამდენად, დროებითი და სეზონური შრომითი კონტრაქტებით დასაქმებულ ქალებს, თუ შვებულების გამოყენების მომენტში არ აქვთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ან შვებულებით სარგებლობისას უმთავრდებათ ის, ვერ იღებენ ან უწყდებათ შვებულებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება. ქვეყანაში არ მოქმედებს იმგვარი უნივერსალური სქემა, რაც ქალებს მათი დასაქმების სტატუსის (ან სტატუსის დროებითი დაკარგვის) მიუხედავად მინიმალურ დახმარებას შეუნარჩუნებდა. კანონმდებლობა ასევე ცხადად არ განსაზღვრავს როგორ მიიღებენ ქალები დედობის და მშობლის შვებულებას (შრომითი კონტრაქტით) არასტანდარტული დასაქმების სხვა შემთხვევებში. კანონმდებლობა შვებულების ანაზღაურების მისაღებად, საკვალიფიკაციო მოთხოვნად არ ადგენს ქალის დასაქმების წინარე ხანგრძლივობის აუცილებლობას, რაც კარგ სტანდარტს წარმოადგენს.
სოციალური დაცვის პოლიტიკის მიღმა მყოფი მშრომელები, რომლებიც ვერ სარგებლობენ დედობის და მშობლის შვებულებით
- დედობის და მშობლის შვებულებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებათ იმ არასტანდარტულ მშრომელებს, რომლებიც რეალურად დამოკიდებულ/დაქვემდებარებულ შრომას ეწევიან თუმცა, შრომითი ხელშეკრულებების ნაცვლად, კერძო/მომსახურების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული (მაგალითად, პლატფორმული მშრომელები:კურიერები/მძღოლები/დამხმარე ქალები). დღეს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მშრომლებს დასაქმებულებად არ მიიჩნევს და მათზე არ ვრცელდება შვებულების უფლება, მიუხედავად იმისა რომ ისინი ფაქტობრივად „დასაქმებულები“ არიან, ლეგალურად საქმიანობენ და კანონით დადგენილი წესით იხდიან სახელმწიფო გადასახადებს თუ სოციალურ შენატანებს. საერთაშორისო გამოცდილებით ესეთი მშრომელები ექცევიან შრომის კანონმდებლობის ქვეშ ან ჰიბრიდულ სტატუსს იღებენ, უთანაბრდებიან დასაქმებულებს და მათზე ანალოგიურად ვრცელდება დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება.
- დედობის და მშობლის შვებულებით ასევე ვერ სარგებლობენ ის თვითდასაქმებული მშრომელები, რომლებიც დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით (ასეთ ჯგუფებს როგორც წესი მიეკუთვნებიან „ფრილანსერები“, ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე სამეწარმეო სუბიექტები, სამედიცინო, სილამაზის და სხვა ინდუსტრიებში ჩართული თვითდასაქმებულები), რომლებიც ნაწილობრივ ფორმალურ სექტორს ეკუთვნიან, რამდენადაც კანონით დადგენილი წესით იხდიან სახელმწიფო გადასახადებს თუ სოციალურ შენატანებს. საერთაშორისო სტანდარტებით, დამოუკიდებელ თვითდასაქმებულებზე ასევე ვრცელდება დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება.
- საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, შესაძლოა, სოციალური დაცვის სისტემები მშრომელების ამ ორ ჯგუფზე (დამოკიდებული და დამოუკიდებელი თვითდასაქმება) განსხვავებულად ვრცელდებოდეს. თუმცა, დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ნაწილში ისინი თანასწორად იღებენ ბენეფიტებს ორი გზით: სახელმწიფოებში არსებულ სოციალური დაცვის სისტემებში მათი ინტეგრაციით ან სპეციალურად შემუშავებული რეჟიმების გავლით, რაც ასევე ფორმალიზაციის ხელშემწყობ გარემოებად მიიჩნევა.
- საქართველოში ასევე არ მოქმედებს უნივერსალური ბაზისური სახელმწიფო დახმარების სისტემა, რაც დედობის შვებულებას ხელმისაწვდომს გახდიდა ყველა ქალისთვის, მათი დასაქმების სტატუსის და ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორში შრომის მიუხედავად. ასეთი სისტემის არარსებობა ეწინააღმდეგება დედობის შვებულების უნივერსალურობის პრინციპს, რომელიც მას ყველა ქალზე ავრცელებს.