ღია საზოგადოების ფონდმა კოვიდ-19 გავლენის შემსუბუქებისთვის საქართველოში 1.5 მლნ დოლარამდე დახარჯა

03.12.2020

2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში დამატებით 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსება გამოყო.

კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მოქალაქეთა შრომის უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები მოქალაქეებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების პროცესში.

გადამზადდა 1000-მდე ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ.

ამ პერიოდში ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ფონდის სტრატეგიით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე დამატებას წარმოადგენს და საგანგებოდ კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის არის გამიზნული. ფონდის სტრატეგიისა და მიდგომის გათვალისწინებით მთავარი აქცენტი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებზე გაკეთდა.

ეს ბროშურა ასახავს მარტიდან ივნისის ჩათვლით პანდემიის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას.

სიახლეები

მულტიმედია