ღია საზოგადოების ფონდმა UPR-ის ტრენინგს უმასპინძლა

27 ნოე, 2023

პერიოდულად, გაეროს გენერალური ასამბლეა აკვირდება, რამდენად კარგად სრულდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში. ამ მიზნითაა შექმნილი გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR), რომელიც ქვეყნის პროგრესს გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ინსტრუმენტების მიხედვით აფასებს.

 

მიმოხილვა ემყარება შემდეგ დოკუმენტებს:

  1. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ეროვნული მოხსენება);
  2. გაეროს ორგანიზაციების, სპეციალური მანდატის მქონე და ადამაინის უფლებათა ხელშემკვრელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია;
  3. ადამიანის უფლებათა ეროვნული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

 

ბოლოს, საქართველო 2021 წელს შეფასდა. შემდეგი მიმოხილვის დაწყებამდე, მთავრობამ, სახალხო დამცველის აპარატმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შუალედური შეფასებები უნდა შეიმუშაონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია სწორად და შინაარსობრივად გამართულად იყოს წარმოდგენილი. ამიტომ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, შუალედური მოხსენებების შემუშავებისა და წარდგენის პროცედურების დასახვეწად გაიმართა ტრენინგი, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ შეხვედრებზე მათ UPR-ის ტრენერებმა საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.