ღირსეული შრომის პლატფორმა - საქმიანობა და შედეგები

19 ოქტ, 2023

ხშირად, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ყველა უფლება მხოლოდ დამსაქმებელს აქვს. ხოლო დასაქმებულების უფლებებს  მხოლოდ მცირე ინტერეს ჯგუფები თუ ანიჭებენ მნიშვნელობას.

სწორედ ამიტომ, შრომით უფლებებზე მომუშავე მნიშვნელოვანმა აქტორებმა გაერთიანება და საქართველოში ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მხარდაჭერა გადაწყვიტეს.

ასე შეიქმნა ღირსეული შრომის პლატფორმა. ამ ფორმატში, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები და პროფკავშირები საქართველოში შრომის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადასაჭრელად ერთად მუშაობენ. ისინი გაფიცული, შეურაცხყოფილი, თუ ჩაგრული დასაქმებულების გვერდით დგანან, სამუშაო ადგილზე დაშავებისა თუ გარდაცვალების ფაქტებს ეხმაურებიან, ახალ კვლევებს აწარმოებენ, შრომის ინსპექციის სუსტ, ან უფლების დაცვის მაღალ სტანდარტთან შეუსაბამო პრაქტიკაზე რეაგირებენ და, ზოგადად, საქართველოს შრომითი პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. პლატფორმა ღია საზოგადოების ფონდისა და Human Rights Watch-ის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უნიკალური გაერთიანებაა.

ღირსეული შრომის პლატფორმის შექმნის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე ვისაუბრეთ Human Rights Watch-ის სამუშაო სესიაზე, რომელიც 18 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. ღია საზოგადოების ფონდის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერმა, ანანო ცინცაბაძემ პლატფორმის ბოლოდროინდელ ერთ-ერთ ღირებულ მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება: სარჩელისა და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე ჩატარებული ინსპექტირების მასალები გაასაჯაროვა. სამუშაო სესიაზე, ფონდის პარტნიორი და პლატფორმის წევრი სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმაც ისაუბრა. მან სოც. მუშაკთა შრომით უფლებებზე და ამ სამუშაოს სპეციფიკურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ღირსეული შრომის პლატფორმის საქმიანობას დეტალურად აქ გაეცნობით: https://shroma.ge/