ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცავთ ყველა დაკავებულის უფლებას

17 აპრ, 2024

გუშინ, 16 აპრილს, პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ღამის განმავლობაში დავდიოდით იზოლატორებში და ვხვდებოდით თითოეულ დაკავებულ პირს, ვესაუბრებოდით მათ, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი – ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის

მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეთა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ყველა დაკავებულის უფლებას. ჩვენ ვემსახურებით ქართველ ხალხს. არც ერთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე.

არა რუსულ კანონს!

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  6. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. უფლებები საქართველო
  9. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი