ტყუპი დების გზა თვითგანვითარებისკენ

11 ივლ, 2023

ტყუპებზე ამბობენ, უერთმანეთოდ ვერ ძლებენო. განუყოფელ კავშირზე საუბრობენ ანა და ნანიკოც – ტყუპი დები, რომლებიც ბავშვობიდან იზიარებდნენ ჯერ სახლში, სკოლაში, სარეაბილიტაციო ცენტრებსა თუ სასწავლებელში არსებულ გარემოს, მერე კი LINKS პროექტის კურსებშიც თანმიმდევრულად ჩაერთნენ.

სკოლის დამთავრებისთანავე, ქალაქ გორში მცხოვრებმა გოგოებმა ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების ძიება დაიწყეს. პროფესიული სასწავლებელი საერთო არჩევანი იყო – თანაც, ადგილზე არსებული დამხმარე სპეციალისტის მხარდაჭერით, საოფისე საქმიანობის სწავლის პროცესი მეტად მოქნილი იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნანიკოსთვის, რომელსაც, გარე სივრცეში გადაადგილებისთვის ხელშეწყობა სჭირდება. ამასობაში, დებმა შეიტყვეს ახალი პროფესიისა და დასაქმების შესაძლებლობაზე, რომელსაც საზოგადოება „ბილიკი“ ადგილობრივებს LINKS პროექტის ფარგლებში სთავაზობდა. LINKS პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, “ღია საზოგადოების ფონდისა“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება.

ანამ და ნანიკომ ინგლისური ენისა და პროგრამირების კურსები გაიარეს. ხშირი ტექნიკური პრობლემების მიუხედავად, გოგოები ტრენინგებში სხვისი კომპიუტერით მაინც ერთვებოდნენ. დიდი სურვილისა და მოტივაციის საპირწონედ, შეძენილი ცოდნა აღმოჩნდა კარგი ბაზა შემდგომი განვითარებისთვის, რამაც გოგოებს სასწავლებელში სწავლა გაუადვილა. მეორე მხრივ, ერთად მეცადინეობისა და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარების სახალისო პროცესთან ერთად, გოგოებმა გაიცნეს საინტერესო ადამიანები, რომლებთანაც ახლა უკვე მეგობრობაც აკავშირებთ. ახალ ადამიანებთან კომუნიკაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნანიკოს საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისითაც.  ამასთან, „ღია საზოგადოების ფონდის“ კეთილი ნებით, გოგოებს უკვე აქვთ ახალი ლეპტოპებიც, რაც მათი პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და სწავლისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.

მოტივირებული ტყუპები გაჩერებას არ აპირებენ. საოფისე საქმიანობის წარმატებით შესწავლის შემდეგ, ანამ საფინანსო საქმიანობის გაცნობა გადაწყვიტა, ნანიკო კი გეგმავს, LINKS-ის პროექტის ფარგლებში შეძენილ მეგობრებთან ერთად ახალი საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებით ისარგებლოს.