აჭარის მრავალფეროვნება ბათუმის რელიგიის მუზეუმში

20 ნოე, 2023
აჭარის მრავალფეროვნებას საინტერესოდ გაგაცნობთ ბათუმის რელიგიის მუზეუმი, რომელიც სულ ახლახან გაახლდა. დიდხანს მივიწყებული საგამოფენო სივრცე სხვადასხვა რელიგიისთვის დამახასიათებელ 400-მდე ექსპონატს აერთიანებს, მათ შორის, უნიკალურსაც. გაახლებული გამოფენა თავს უყრის მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, მუსლიმურ, იუდეურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებულ ნივთებს: ხატებს, ფოტოებს, წიგნებს, მაკეტებსა და ბარელიეფურ ნაკეთობებს.

წლების განმავლობაში, ბათუმის რელიგიის მუზეუმში ექსპონატების შენახვისა თუ წარმოდგენისთვის არახელსაყრელი პირობები იყო. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2020 წელს, ორგანიზაციამ „მწვანე სექტორი“ მუზეუმის განვითარების ხელშეწყობა დაისახა მიზნად. პროექტის „ინტერკონფესიური პლატფორმა სამუზეუმო სივრცეში“ ფარგლებში, მუზეუმის ტექნიკური საშუალებები გაუმჯობესდა. ამასთან, შემუშავდა თემატური რეკომენდაციები მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მუზეუმის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში, აჭარის მუზეუმების გაერთიანების ვებგვერდი www.ajaramuseums.ge ვიზუალურად და სტრუქტურულად გაახლდა. საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობებში ახალგაზრდები ჩაერთნენ. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მუზეუმის პოპულარიზაციასა და მისი სოციალური როლისა და საგანმანათლებლო დანიშნულების ფართოდ წარმოჩენას.

მიმდინარე წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი რესურსებით, ბათუმის რელიგიის მუზეუმი სრულად გაახლდა და ის კომპლექსურ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგამოფენო სივრცედ გარდაიქმნა. ბათუმის სხვა ტიპის მუზეუმებიდან თემატური ექსპონატების გადმოტანასთან ერთად, ახალი ექსპონატებიც დამზადდა.

სამუზეუმო სივრცე ღიაა საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრებისთვისა თუ კონფერენციებისთვის. ეს არის ინტერკულტურული ურთიერთობების ერთგვარი პლატფორმა, სადაც საინტერესო გარემოა სკოლის მოსწავლეებისთვისა თუ ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ, რომ აჭარა მრავალკონფესიური რეგიონია. თავისთავად, ეს ხელს შეუწყობს განსხვავებული რელიგიური იდენტობის ახალგაზრდების ურთიერთობასა და მათში ტოლერანტობის მნიშვნელობის გააზრებას.