სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან.
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული ცვლილებებისთვის
თითქმის 30 წელია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) გუნდი საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის მუშაობს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან. სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის გაცემული საგრანტო დაფინანსებისა თუ ადვოკატირების მნიშვნელოვან კამპანიებში ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან. ფონდი საქმიანობს როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მამოძრავებელი ძალა, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ფხიზლად დგას კორუფციის, ჩაგვრისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, ფონდის ინვესტიცია საქართველოში ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის 118 მილიონ დოლარზე მეტია. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების, ლტოლვილების, სტუდენტების, პროფესიული ჯგუფების, სოციალურად დაუცველების, ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გუნდმა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლო ახლადშექმნილი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტიური მოქალაქეების მხარდაჭერის, ადვოკატირების კამპანიების, საგანმანათლებლო ინიციატივების, პუბლიკაციებისა და სადისკუსიო სივრცეების წახალისების გზით.
ამბები ადამიანებზე, მრავალფეროვან საქმეებსა თუ ინიციატივებზე, რომლებიც დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან.
ჩვენი ამბები
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობის მემკვიდრეა. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 1994 წლიდან იყო ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელის ნაწილი. აღნიშნულ გლობალურ ქსელში განხორციელებული სტრუქტურული, მენეჯერული, თუ გეოგრაფიული ცვლილებების პარალელურად, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და პრიორიტეტული საქმიანობა განახლებული სტატუსითა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სახელით განაგრძო. ფონდი, რომლის მისია და ღირებულებები უცვლელია, რჩება გლობალური ქსელის პარტნიორად რეგიონში.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მდგრადობას სრულად უჭერს მხარს ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელი. ამასთან, ფონდი ახლაც წარმატებით ახორციელებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და ღიაა სხვა დონორებთან თანამშრომლობისთვისაც.
აღსანიშნავია ფონდის მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიული ცვლილებების თვალსაზრისით. ფონდი საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდა ომის, სოციალური ძვრებისა თუ COVID-19 პანდემიის დროს. ფონდს დიდი წვლილი აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი რეფორმების წინსვლაში, მონაწილეობითი დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვასა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაში.
ფონდი წევრია სადამკვირვებლო კოალიციისა "ჩემი ხმა ევროკავშირს", რომელიც 30 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. სადამკვირვებლო კოალიციის მიზანია არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების დაცვა, საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა და პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე ევროკავშირის მხარდამჭერი მძლავრი კამპანიის წარმართვა და არჩევნებზე დაკვირვება კრიტიკული მნიშვნელობისაა.
პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ფონდი რეგულარულად აფასებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულებას და დღემდე აგრძელებს ამ პროცესზე დაკვირვებას.
ათასობით ახალგაზრდამ განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში, ფონდის სტიპენდიით მიიღო.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ზალცბურგის სემინარებში დღემდე მონაწილეობენ.
დღეისთვის წამყვანმა ონლაინ თუ რეგიონულმა მედია ორგანიზაციებმა საქმიანობა ფონდის მხარდაჭერით დაიწყეს.
ფონდმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და კვლავ აგრძელებს დაკვირვებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე.
1999 წლიდან ფონდმა საქართველოში ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების მქონე ადამიანებისთვის პალიატიური მზრუნველობის დანერგვა დაიწყო, 2017 წელს კი გახსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში.
ფონდის 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ბიუჯეტით შენარჩუნებულია საეკლესიო-სამონასტრო მხატვრობა და ფრესკები, გამაგრებულია ტაძრები და შექმნილია ელექტრონული არქივები
2011 წელს, ფონდმა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის ადვოკატირების კამპანია დაიწყო. ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად, ამ პროგრამამ ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შემდეგ კი მთელი ქვეყანა მოიცვა.
ფონდის ინიციატივით, საარჩევნო დღეებში მოქმედი მედიაცენტრი ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ მედიამ და საზოგადოებამ არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციებისგან უწყვეტ რეჟიმში მიიღოს ობიექტური ინფორმაცია არჩევნებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.
2004-2012 წლებში ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს უფასოდ აკვალიანებს.
ფონდის კვლევა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ციხეებში 2003-2013 წლებში არსებულ ვითარებას აფასებს.
დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლის შემდეგ, სათემო მომსახურებამ 90 პროცენტით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
ფონდის დაფინანსებით ჩატარებული კვლევისა და თანმდევი ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა.
მნიშვნელოვანი საქმეები ფონდის ისტორიიდან
სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა ევროკავშირს"
სტატუსმეტრი – ევროკავშირის 12 პირობისა და 9 ნაბიჯის შესრულების მონიტორინგი
1200-ზე მეტი ახალგაზრდა თანამედროვე განათლებით
700-ზე მეტი ექიმი ამაღლებული კვალიფიკაციით
8 მილიონი აშშ დოლარი მედიის განვითარებისთვის
ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი
ბავშვთა ჰოსპისი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა
საარჩევნო მედიაცენტრი
უფასო იურიდიული დახმარება
ციხეებში პატიმართა წამების კონტექსტისა და სისტემურობის შესწავლა
სათემო (ბინაზე) ფსიქიატრიული მომსახურება
უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისი
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და დემოკრატიის დაცვას, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერის, მათ შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საერთო ნიადაგის შექმნის გზით. საქმიანობა ფარავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და ა.შ.
პროგრამა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად მუშაობს. ეს საქმიანობა მოიცავს როგორც საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრების მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ასევე ევროპული კავშირის წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშების მომზადებას.
პროგრამა მხარს უჭერს ონლაინ მედია ორგანიზაციებს დედაქალაქსა და რეგიონებში და აძლიერებს მედიის ადვოკატირების კოალიციას. ასევე, პროგრამა, პარტნიორებთან ერთად, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიებს ახორციელებს.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის.